среда, 19 октября 2016 г.

მშობლებისთვის აცრების ეროვნული კალენდრის მობილური აპლიკაცია შეიქმნ


მშობლებისათვის პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მობილური და ტაბლეტ აპლიკაცია შეიქმნა, რომელიც IOS და Android პლატფორმებზე მუშაობს. პროექტი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინიციატივით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
როგორც გვაცნობეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან ,, აპლიკაციის საშუალებით მშობლები მიიღებენ ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედი პროფილაქტიკური აცრების კალენდრის, ვაქცინების, ვაქცინაციის უკუჩვენებებისა და ცრუ უკუჩვენებების, გაფრთხილებების, აცრების ჩატარების რეკომენდებული ასაკებისა და ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შესახებ.
”აპლიკაციის ერთ-ერთი ფუნქციაა ჩასატარებელი აცრების ვადების შეხსენება. ამისთვის საჭიროა, თქვენს მობილურ
ტელეფონში ჩამოტვირთულ აპლიკაციაში შეიყვანოთ ბავშვის/ბავშვების - სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და მონიშნოთ უკვე ჩატარებული აცრები. მომდევნო აცრის თარიღის მოახლოებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას ჩასატარებელი აცრების სახეობისა და თარიღის შეხსენების შესახებ.
უფასო აპლიკაციის ჩამოსატვირთად App Store-ში ან Google Play-ში აკრიფეთ სიტყვა ,,აცრები“ ან ეწვიეთ ვებ გვერდს www.ncdc.ge, სადაც განთავსებულია აცრების ეროვნული კალენდარი და მიჰყევით ბმულს”, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
,,აცრების ეროვნული კალენდრის მობილურ აპლიკაციას მშობლებისათვის” ხვალ, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები ჩაჩავას კლინიკასა და დავით გაგუას კლინიკაში უფასო წარადგენენ.

რას გვასწავლის პატარა


ბავშვის გაჩენა ხშირად მშობლებისთვის ნამდვილ გამოწვევად იქცევა ხოლმე. მოდი, ვცადოთ და ეს ჩვენი პიროვნული ზრდის სავარჯიშოდ აღვიქვათ!
რისი გადალახვა გიხდებათ
პატარას გაჩენის მომენტისთვის ყველა მშობელს უკვე ჩამოყალიბებული ხასიათი და განსაზღვრული ჩვევები აქვს. გავარკვიოთ, რომელი საჭიროებს კორექტირებას.
1. ეგოცენტრიზმი
ახალგაზრდა მშობლებს ყოველდღიურად უწევთ ბავშვის ინტერესების გათვალისწინება, მასზე ზრუნვა და საკუთარი ეგოიზმის დათრგუნვა.
შესაძლოა დედას ძალიან უნდა საღამოს მეგობრებთან შეხვედრა - პატარა კი დედის გარეშე ტირის;
სურთ გართობა, კინოში წასვლა - მაგრამ ძუძუთი კვების ინტერვალები არ იძლევა ბავშვის დატოვების საშუალებას;
სურთ დასვენება და დაძინება, მაგრამ ბავშვის დაბადების შემდეგ დედის ძილი მხოლოდ პატარას დაძინების შემდეგაა შესაძლებელი.
2. ინტუიცია
პატარას აღზრდა ინტუიციის განვითარების საუკეთესო გზაა. ახალშობილის ყოველდღიური ქცევა მშობლებს უამრავ უპასუხო კითხვას უჩენს. ნებსით თუ უნებლიეთ, ირთვება ინტუიცია და მშობლებიც თავიანთი გულის კარნახს ენდობიან.
3. ინფანტილიზმი
ბევრს ძალიან თრგუნავს სხვაზე დამოკიდებულება, ფსიქოლოგიური იქნება თუ ფინანსური. თუ ბავშვზე მზრუნველობას სრულყოფილად ვიტვირთავთ, მშობლების როლი პიროვნული ზრდის უნიკალურ საშუალებას მოგვცემს.
4. მავნე ჩვევები
ბავშვის სიყვარული აიძულებს მშობლებს უარი თქვან მოწევასა და ალკოჰოლზე. ბევრი ამის გადალახვას ორსულობის პერიოდში ახერხებს.
5. უპასუხისმგებლობა
ახალგაზრდა მშობლებმა ხშირად არ იციან, რა არის პასუხისმგებლობა. ვერ ახერხებენ მნიშვნელოვან საკითხებზე ფიქრს და ამ პრობლემას ბავშვზე ზრუნვით ფარავენ. თუმცა, მონდომების შემთხვევაში, კარგი სამსახურის მოძიებაც შეიძლება, თავისუფალი დროის სწორად გამოყენების სწავლაც, სახსრების გონივრული განაწილებაც და ზოგიერთი ცხოვრებისეული ფუჭი ჩვევის გადახედვაც.
რას ვიძენთ
დაუცველი არსების სიყვარული ახალგაზრდა მშობლებს უპირველესად პასუხისმგებლობას უღვივებს და ცხოვრების ჭეშმარიტ არსს შეაცნობინებს.
ბავშვების წყალობით უფროსებს ყოველთვის უჩნდებათ განვითარების სტიმული!

საჭიროა თუ არა ბავშვის ყოველდღე დაბანა - ამერიკელი დერმატოლოგების უახლესი რეკომენდაციები

-
საჭიროა თუ არა ბავშვის ყოველდღე დაბანა - ამერიკელი დერმატოლოგების უახლესი რეკომენდაციები
ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიამ გამოუშვა ახალი რეკომენდაციები, რომლის თანახმადაც დაბანის რეჟიმი დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და აქტივობის დონეზე.
საშუალო სტატისტიკური ბავშვის დაბანა კვირაში რამოდენიმეჯერ სრულიად საკმარისია. სხეულზე გარკვეული რაოდენობის ბაქტერიების არსებობა პრობლემას არ წარმოადგენს. პირიქით, ორგანიზმმა უნდა ისწავლოს პათოგენებთან ბრძოლა და შეძლოს იმუნური
დაცვის უზრუნველყოფა.
6-11 წლის ბავშვებმა შხაპი კვირაში 2-3-ჯერ უნდა მიიღონ. შამპუნით თავის დაბანა კვირაში 1-2-ჯერ არის რეკომენდებული. თუ ბავშვი ძლიერ ოფლიანობს ან ცურვის შემდეგ, თმა შეიძლება წყლით და მსუბუქი კონდიციონერით დავბანოთ.
გასაგებია, რომ გარეთ თამაშის, საცურაო აუზში, ღია წყალსაცავებში ცურვის შემდეგ, ოფლის უსიამოვნო სუნის დროს აუცილებელია შხაპის მიღება.
სქესობრივ მომწიფებასთან ერთად შხაპის მიღება და თავის შამპუნით დაბანა ყოველდღე უნდა ხდებოდეს. ბავშვებმა ჭუჭყისა და ცხიმის მოსაშორებლად ასევე უნდა დაიბანონ დილას და საღამოს. კანის ნებისმიერი დაავადების ან უსიამოვნო სუნის შემთხვევაში აუცილებელია დერმატოლოგის კონსულტაცია და პერსონალური ჰიგიენური რეჟიმის დანიშვნა.

კეთილი გენიოსი


მუსიკალური პრენატალური განვითარება დაეხმარება ბავშვს წარმატებულ ზრდასა და განვითარებაში, რომ გაიზარდოს მშვიდი და გონიერი. ბავშვის ადრეული განვითარებით დღეს ვერავის გააკვირვებ. პატარას დაბადებისთანავე ელოდება სპეციალურად ორგანიზებული გარემო, განსაკუთრებული, კოგნიტური სათამაშოები. თუმცა ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ პატარას აღზრდა და გავითარება იმ მომენტიდანვე უნდა დაიწყოს, როცა კი შეიტყობთ, დედა უნდა გახდეთ.
განვავითაროთ ნეირონები
დაბადებამდე ბავშვის განვითარების პერიოდს პრენატალური ეწოდება და მეცნიერთა გაუნელებელი ინტერესისა და კვლევის სფეროა. გამოიკვლიეს, რომ მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვის ტვინი მოზრდილისაზე 2-3-ჯერ მეტ ნეირონს შეიცავს, თუმცა ორსულობის დასასრულისთვის ამ ნეირონთა ნახევარი იღუპება. მეცნიერებმა წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ ისინი ატროფირდებიან.
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მუცლადყოფნის პერიოდში პატარას ესმის გარემომცველი სამყაროს ხმები, არჩევს დედის ხმას, რეაგირებს მუსიკალურ რიტმზე. ნეირონების ატროფირების მიზეზია მათი უმოქმედობა. აქედან გაჩნდა თეორია, რომ ბავშვის დაბადებამდე აუცილებელია ნაყოფთან მუშაობა.
დღეისათვის უკვე ცნობილია, რომ ფსიქიკური მომწიფებისა და ინტელექტის დონე განისაზღვრება არა იმდენად “მომუშავე” ნეირონთა რაოდენობით, რამდენადაც მათ შორის კავშირის სიმტკიცისა და სიღრმით. პრენატალური განვითარების მეთოდები თანდათან პოპულარობას იხვეჭს.
იმღერე, დედიკო!
თუ ისტორიას გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ პრენატალური განვითარება ჯერ კიდევ უძველეს დროს იყო პოპულარული, როცა ორსულებს ევალებოდათ მშვენიერების სამყაროსთან ზიარება და უარყოფითი მოვლენებისთვის თავის არიდება. პრენატალური პედაგოგიკის იდეები ევროპასა და ამერიკაში გასული საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელდა. პოპულარული გახდა მუსიკალური განვითარების მეთოდი, რომელმაც საინტერესო შედეგები აჩვენა: ბავშვები, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში ამ მეთოდს მისდევდნენ, ნაკლებად იბადებოდნენ პრობლემებით, არ აწუხებდათ ჰიპოქსია. დაბადების შემდეგ კი თანატოლებთან შედარებით ნაკლებად ავადმყოფობდნენ და ჰქონდათ აშკარად გამოკვეთილი შემოქმედებითი უნარები. ამ მეთოდს საფუძვლად უდევს მღერის სისტემა, აქცენტი კეთდება მელოდიაზე, ინტონაციაზე. სიმღერის ან სხვა მუსიკალური დატვირთვის (სიმღერის მოსმენა, რაიმე ინსტრუმენტზე დაკვრა, ცეკვა) პროცესში დედისა და ბავშვის ორგანიზმზე განსაკუთრებული ფსიქოლოგიური, ფიზიოლოგიური და ვიბრაციული ზემოქმედება ხდება.
ეს
მუსიკალური ზემოქმედების მეთოდი, ისევე როგორც სხვა პრენატალური მეთოდები, ეხმარება დედასა და ბავშვს შორის ემოციური სიახლოვის ფორმირებას, ნორმალიზდება ორსულის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
“ვიურთიერთოთ მუცელთან”
უნდა გვახსოვდეს, როგორც ნებისმიერ სხვა საქმეში, გადამეტება აქაც დაუშვებელია. შეასრულეთ სპეციალისტთა მითითებები, მიენდეთ საკუთარ ინტუიციას, გამოიყენეთ პრენატალური განვითარების გამოცდილი ხერხები.
შეინარჩუნეთ დადებითი ემოციური ფონი:
ორსულობის პერიოდში იზრუნეთ იმაზე, რომ მაქსიმალურად შეამციროთ სტრესები და უზრუნველყოთ საკუთარი თავი სიმშვიდით და დადებითი ემოციებით. შეეცადეთ მუდმივად იყოთ სასიამოვნო შთაბეჭდილებების ქვეშ. მუდმივად იურთიერთეთ “მშვენიერების სამყაროსთან”.
შექმენით მუსიკალური გარემო:
ბავშვი რეაგირებს განსხვავებულ რიტმებსა და მელოდიებზე. შეეცადეთ მოუსმინოთ კლასიკას (მოცარტს, ვივალდის, შოპენს), სხვადასხვა სტილისა და მიმდინარეობის მუსიკას (ჯაზს, ბლუზს, ფოლკს), თან იმღერეთ, შეგიძლიათ იცეკვოთ კიდეც (დაიცავით სიფრთხილე მოძრაობის დროს). თქვენ აუცილებლად იგრძნობთ, რომელი მუსიკა მოსწონს თქვენს პატარას.
ესაუბრეთ:
რომც არ არსებობდეს გამოკვლევები, რომლებიც ამტკიცებს, რომ ბავშვი მუცლადყოფნის პერიოდში რეაგირებს დედის ხმაზე - მშვიდდება ან პირიქით გამოცოცხლდება, თითქოს დიალოგში ერთვება, მაინც უნდა ესაუბროთ ბავშვს ძალიან ხშირად, ასეთი “საუბრები მუცელთან” ამშვიდებს და ეხმარება დედის როლის გათავისებას. უამბეთ პატარას, რა ხდება თქვენ გარშემო, ხმამაღლა იკითხეთ ლექსები ან ზღაპრები.
მოეფერეთ მუცელს:
პატარა ხშირად რეაგირებს ნაზ შეხებაზე, რასაც აქტიური მოძრაობებით პასუხობს და უხარია.

რას გვეუბნება ყიფლიბანდი




რას გვეუბნება ყიფლიბანდი
ახალშობილს თავზე, ქალას ძვლებს შორის, პატარა ღია უბანი აქვს, რომელიც ნელ-ნელა იხურება. სწორედ ეს არის ყიფლიბანდი. ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მას სხვადასხვა ფუნქცია აკისრია. გვესაუბრება პედიატრიის ინსტიტუტის დირექტორი მამუკა მაისურაძე.
- რა საჭიროა ყიფლიბანდი?
- თავდაპირველად ყიფლიბანდი ბავშვს ამქვეყნად მოვლინებაში ეხმარება: მისი წყალობით თავის ქალას ძვლები იოლად მოძრაობს, ქალა ფორმას იცვლის და დაბადებისას ნაყოფის თავს სამშობიარო გზებში გავლა უადვილდება.
ახალშობილს ორი ყიფლიბანდი აქვს. დიდი რომბისებური ფორმისაა და შუბლისა და თხემის ძვლების შესაყარზე მდებარეობს. მცირე ყიფლიბანდს სამკუთხედის ფორმა აქვს და მდებარეობს კეფაზე, კეფისა და თხემის ძვლების შესაყარზე.
- როდემდე უნდა იყოს ღია ყიფლიბანდი?
- მცირე ყიფლიბანდი 8-10 თვის ასაკისთვის იხურება, დიდი - თორმეტი-თხუთმეტი თვის ასაკისთვის. ეს დრო საჭიროა, რათა ბავშვის ტვინი ჯეროვნად განვითარდეს და გაიზარდოს.
ნორმაში ყიფლიბანდი თავის ქალას ზედაპირს არ სცილდება. შეხებისას ქალას ძვლებს შორის შეიგრძნობა რბილი უბანი, რომლის ზომები 1,7X1,7-დან 2,5X2,5 სმ-მდე მერყეობს. დიდი ყიფლიბანდი თვეში 2,5მმ-ით მცირდება. ასე რომ, სამი თვის პატარას იგი 1,5-1X1,5-1 სმ ზომისა უნდა ჰქონდეს. თუ ოთხი თვის ბავშვის ყიფლიბანდის ზომები 1X1სმ-ზე ნაკლებია, ესე იგი, ის დახურვას ჩქარობს.
- რა შეიძლება იყოს ნაადრევი დახურვის მიზეზი?
- ყიფლიბანდის დახურვას რამდენიმე შინაგანი ფაქტორი აჩქარებს, მაგალითად - როცა დედა ორსულობისას დიდი ოდენობით იღებს პოლივიტამინების კომპლექსს, კალციუმის პრეპარატებსა და ხაჭოს. აქვე გეტყვით, რომ კალციუმის სიჭარბე ნაყოფის ძვლებს ამაგრებს და სამშობიარო გზებში გავლისას პრობლემებს უქმნის. მაგალითად, ამ მიზეზით არის განპირობებული ჰემატომები - სისხლჩაქცევები თავის ტვინში, თვალში, ძვალსაზრდელში (კეფალოჰემატომა). ასე რომ, გირჩევთ ორსულობის პერიოდში სამკურნალო პრეპარატები, თუნდაც ერთი შეხედვით უწყინარი პოლივიტამინები, და საკვები მხოლოდ გინეკოლოგთან შეთანხმების შემდეგ მიიღოთ.
- აფერხებს თუ არა ყიფლიბანდის ნაადრევი დახურვა ბავშვის გონებრივ განვითარებას?
- ბოლო დროს ყიფლიბანდის ნაადრევ (10 თვის ასაკისთვის) დახურვას აქსელერაციის პროცესებითაც ხსნიან, მაგრამ თუ ყიფლიბანდის ნაადრევი დახურვა კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევის შედეგია, რა თქმა უნდა, პროცესი ტვინზეც იმოქმედებს და ბავშვის გონებრივ განვითარებას შეაფერხებს.
- საშიშია თუ არა საპირისპირო პროცესი - ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვა?
- ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვის მიზეზი კალციუმის დეფიციტია, რაც, თავის მხრივ, ვიტამინ D3-ის ნაკლებობას უკავშირდება. D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტი მხოლოდ ყიფლიბანდის დახურვას კი არ აფერხებს, არამედ რაქიტსაც იწვევს. ამ დროს პატარები მოუსვენრობენ, ჭირვეულობენ, ცუდად სძინავთ, ეწყებათ ჭარბი ოფლიანობა, კეფის გამელოტება (ალოპეცია), კიდურები დეფორმირებული აქვთ, კბილები დაგვიანებით ამოსდით და სიარულის სპეციფიკური მანერა უყალიბდებათ.
- შესაძლებელია თუ არა კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევის თავიდან აცილება?
- დაავადება რომ არ გამოგეპაროთ, ჩამოთვლილი ნიშნების შემნევისთანავე მიმართეთ პედიატრს. პატარას უნდა ჩაუტარდეს კომპლექსური სამედიცინო შემოწმება, სისხლისა და შარდის გამოკვლევა კალციუმისა და ფოსფორის შემცველობის გამოსავლენად. კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევით გამოწვეულ დაავადებას - რაქიტს ხშირად თან სდევს ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევები, კუნთთა ტონუსის სისუსტე და ძვლოვანი დეფორმაციები. ასეთი ბავშვები კუნთოვანი სისუსტის გამო კუჭ-ნაწლავის შეკრულობისკენ არიან მიდრეკილნი. საჭიროებისას, ოსტეოპოროზის გამოსარიცხად, აუცილებელია რენტგენოლოგიური გამოკვლევაც. ასეთ სიტუაციაში პატარას პედიატრის, ნევროპათოლოგისა და ორთოპედის მეთვალყურეობა სჭირდება. ყიფლიბანდის დაგვიანებული დახურვა არცთუ იშვიათად ფსიქომოტორული განვითარების შეფერხებას, ქალასშიდა წნევის მომატებას იწვევს.
- რას
ურჩევთ მშობლებს, როცა კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევის შედეგად ჩვილის ყიფლიბანდი დახურვას აგვიანებს?
- კალციუმ-ფოსფორის ცვლის დარღვევა თავიდან რომ ავიცილოთ, ბავშვის ორგანიზმი ვიტამინ D3-ით უნდა მოვამარაგოთ. განსაკუთრებული ყურადღება შემოდგომაზე და ზამთარში დაბადებულ ბავშვებს სჭირდებათ. გარდა ამისა, ოთხი თვიდან პატარების რაციონში უნდა შეიტანოთ ბოსტნეულის პიურე, ხოლო ექვსი თვიდან - ხაჭო. რაც შეიძლება მეტხანს ასეირნეთ სუფთა ჰაერსა და მზეზე - მზე ხომ ვიტამინ D3-ის წყაროა. თუ პროფილაქტიკა უკვე გვიანია, საჭიროა მკურნალობა კალციუმის პრეპარატებით, მასაჟით.
განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ჩვილის გაკაჟებას, რაც მას თანმხლებ, პირველ რიგში - ვირუსულ დაავადებებთან ბრძოლისთვის მოამზადებს.

ეს უზარმაზარი სამყარო


ბავშვის ცნობიერებაში სამყაროს სურათი უფრო და უფრო მკაფიო და ყოვლისმომცველი ხდება. დროა, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბავშვს გამოვუმუშაოთ ყურადღება საგნების მიმართ. სიცოცხლის პირველ სამ თვეს ბავშვი აქტიურად ივითარებს მხედველობით და მოტორულ კოორდინაციას. სამი თვის პატარა უკვე ფლობს თავის სხეულს და მოძრაობის კოორდინირებაც შეუძლია. მიუხედავად ამისა, ყველაზე საინტერესო რამ ჯერ კიდევ წინაა - უნდა დადგეს გარესამყაროს შეცნობის შესანიშნავი პერიოდი.
ბავშვს უკვე შეუძლია მზერის ფოკუსირება და თანდათან აცნობიერებს, რომ ირგვლივ არსებულ სივრცეს აქვს სიღრმე, ზოგი ობიექტი შორს არის, ზოგიც - სულ ახლოს. ამ დროს საჭიროა ვარჯიში, რომელიც ბავშვის მხედველობით აღქმას გააუმჯობესებს, განამტკიცებს სივრცის შეგრძნებას, განავითარებს ყურადღებას სხვადასხვა საგნის განსაკუთრებული თვისებების მიმართ.
3-3,5 თვე
ამოცანა: ბავშვის ყურადღება უნდა მივაპყროთ მოძრავ სათამაშოს და ვეცადოთ, პატარა მას დიდხანს აკვირდებოდეს.
აიღეთ კვერცხი, გირჩა ან ბურთი, შეახვიეთ ბრჭყვიალა ქაღალდში, გაუკეთეთ ”კუდი" და ძაფზე დაკიდეთ. ბავშვი დააწვინეთ ზურგზე ან მუცელზე ან კალთაში ჩაისვით.
"თევზი" აქანავეთ პატარას თვალწინ ისე, რომ მან მზერის დაფიქსირება შეძლოს. ამის შემდეგ "თევზი" გააცურეთ ჰორიზონტალურად ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ. თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვს მზერა სათამაშოსკენ აქვს მიპყრობილი, "თევზი" ნელა ასწიეთ ნახევარი მეტრით ზემოთ, შემდეგ კი დაბლა დასწიეთ. ამის შემდეგ "თევზი" წრეზე "აცურავეთ" და თანდათან მიუახლოვეთ ბავშვს. როცა სათამაშო ბავშვის ხელებთან აღმოჩნდება, მოძრაობა მცირე ხნით შეაჩერეთ, ოღონდ არ მისცეთ პატარას მისი დაჭერის საშუალება.
ეს ვარჯიში შეგიძლიათ დღეში 2-3-ჯერ გაიმეოროთ, ხანგრძლივობაც თანდათან გავზარდოთ 5-6 წუთამდე. თუ ბავშვმა ვერ შეძლო მზერის დაფიქსირება ან სათამაშოს თვალი მოაცილა, "თევზი" მის თვალწინ ააცეკვეთ და ისევ განაგრძეთ "ცურვა", ოღონდ ნელა. პატარას მზერის დაფიქსირებაში რომ დაეხმაროთ, თავი საჭირო მხარეს მიუბრუნეთ.
4 თვე
ვუცქერით საკუთარ ანარეკლს. ისე მივმართოთ ბავშვის ყურადღება სარკეში მისი ანარეკლისაკენ, რომ პატარას სიამოვნებდეს საკუთარ თავზე დაკვირვება. დაგჭირდებათ სარკე და კაშკაშა ბაფთა, რომელიც შეგიძლიათ ქაღალდისაგან გააკეთოთ. პატარა ხელში ისე დაიჭირეთ, რომ ზურგით გეკვროდეთ.
ბავშვი სარკესთან მიიყვანეთ. შუშას მსუბუქად მიუკაკუნეთ თითებით. როცა პატარა თავის გამოსახულებას შეხედავს, თავთან ბაფთა მიუტანეთ, თან მხიარულად წარმოთქვით: "ვინ არის ეს ლამაზი ბაია, სარკიდან რომ გვიყურებს?!" ბავშვი ჯერ მიუახლოვეთ სარკეს, მერე მოაცილეთ, ხელი აქანავეთ, ბაფთა ამოძრავეთ, ეცადეთ, პატარას ღიმილი და სიცილი გამოიწვიოთ.
სარკესთან დღეში 1-2-ჯერ "გაიპრანჭეთ". გართობის ხანგრძლივობა თანდათან 5-6 წუთამდე გაზარდეთ. ეცადეთ, პატარამ დადებითი ემოცია არა მარტო ბგერებით, არამედ მიმიკითაც გამოხატოს.
5 თვე
მივცეთ სტიმული ბავშვის სწრაფვას, მიცოცდეს საგანთან და "გამოიკვლიოს" ის, შეეხოს, აამოძრაოს.
გამოგადგებათ ნებისმიერი სათამაშო. პატარა დააწვინეთ მუცელზე. ლამაზი სათამაშო ისე დაუდეთ წინ, რომ მისი ყურადღება მიიპყროთ, მისი ქმედება გამოიწვიოთ. დახმარების მიზნით ბავშვს უბიძგეთ ქუსლებზე. როცა პატარა მიზანს მიუახლოვდება, სათამაშო წინ წასწიეთ. ბავშვი უნდა მიცოცდეს სათამაშოსთან და აამოძრაოს. ვარჯიში დღეში 1-2-ჯერ გაიმეორეთ.
5-5,5 თვე
უნდა ვიპოვოთ საგანი, რომელიც მხედველობის ველიდან გაქრა. დაგჭირდებათ: დიდი, მსუბუქი მუყაოს ყუთი, რომლის ცალ გვერდზეც ლამაზი სურათია მიკრული. მაგალითად, ძაღლისა. პატარას სურათი აჩვენეთ, ძაღლს მიეფერეთ და ყუთი გადააბრუნეთ. სურათი
გაქრება. ბავშვთან ერთად დაიწყეთ ყუთის ტრიალი და სურათის ძებნა. როცა ცუგას იპოვით, მხიარული შეძახილები არ დაიშუროთ. ეძებეთ დაკარგული ცუგა დღეში 1-2-ჯერ. გარკვეული ხნის შემდეგ სურათი შეცვალეთ, რათა პატარამ ახალი შთაბეჭდილება მიიღოს. თამაშის დაწყების წინ დაათვალიერეთ გარემო, რათა თქვენს სიახლოვეს არ იყოს სათამაშო, რომელიც პატარას ყურადღებას გაუფანტავს.
5,5-6 თვე
განვავითაროთ არჩევითი დამოკიდებულება საგნების სხვადასხვა თვისების (ფერის, ფორმის, ზომის) მიმართ. გამოგადგებათ სხვადასხვა ფორმის, ზომის, ფერისა და ფაქტურის სათამაშოები - ბრტყელი, მოცულობითი, რგოლები, პირამიდები და სხვა. ბავშვს წინ დაუდეთ სათამაშოებით სავსე ყუთი. იქიდან სათითაოდ ამოიღეთ საგნები, ბავშვს ხელში დააჭერინეთ, უთხარით მისი სახელი. პატარას გაუჭირდება ყურადღების შეჩერება ერთდროულად ორ საგანზე და როცა მას ახალ სათამაშოს მიაწოდებთ, "ძველს" გადააგდებს. ასე ითამაშეთ დღეში 1-2-ჯერ. დროდადრო სათამაშოები ცვალეთ. აუცილებლად უთხარით ბავშვს სათამაშოს სახელი.
6 თვე
ბავშვს გავუღვივოთ სურვილი, დააკვირდეს ჩვენს სახეს და გაიმეოროს ჩვენი მიმიკა.
ბავშვი შეიძლება ხელში გვეჭიროს, კალთაში გვეჯდეს ან იწვეს მუცელზე. პატარას სახე სახესთან მიუტანეთ. ჯერ გაიცინეთ, შემდეგ გაკვირვება გამოხატეთ, მერე ენა გამოყავით. თამაშში ოჯახის ყველა წევრი ჩართეთ. ბავშვს გაახარებს ადამიანებთან კონტაქტი, მათი მიმიკისა და ხმების მიბაძვას ეცდება.

რა აფერხებს სიმაღლეში ზრდას


რა აფერხებს სიმაღლეში ზრდას
რა აფერხებს სიმაღლეში ზრდას და რას უნდა ერიდოს მოზარდი: 1) ალკოჰოლსა და თამბაქოს; 2) ტკბილ გაზიან სასმელებს, რადგან ისინი შეიცავენ ორგანიზმისთვის მავნებელ ნატრიუმის გლუკონატს; 3) ჩიპსებს, ორცხობილებსა და საღებავების შემცველ სხვადასხვა სასუსნავს, რომლებიც აუარესებს ღვიძლის მუშაობას და ხელს უშლის მობილიზებაში ორგანიზმის სხვა სისტემებს.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძილის რეჟიმს. ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ სიმაღლეში ინტენსიური ზრდა სწორედ ღამით, ძილის დროს მიმდინარეობს. ფიზიკური დატვირთვისა და აქტიურობის გარეშე ყველაზე დაბალანსებული და რაციონალური კვებაც კი ვერ გაზრდის ადამიანს. ეს არაერთი დაკვირვებითა თუ ფაქტითაა დადასტურებული. ფიზიკური აქტიურობა და სპორტი ასაკობრივი ნორმების ფარგლებში რაციონალური დატვირთვით ხელს უწყობს ძვლების ზრდასა და გამაგრებას. ცურვის დროს სხეულის ყველა კუნთი მეტ-ნაკლებად გააქტიურებულია, იჭიმება და განიტვირთება ხერხემალი. რეგულარული ცურვა ორგანიზმს ზრდაშიც ეხმარება. სიმაღლეში ზრდისათვის განსაკუთრებით რეკომენდებულია ბრასი - ცურვის სტილი, რომლის დროსაც ზედა და ქვედა კიდურები მაქსიმალურად იჭიმება.
რაც შეეხება ბავშვობასა და მოზარდ ასაკში ზრდის ხელშემწყობ ფაქტორებს, მათ შორის აღსანიშნავია: რაციონალური კვება, ძილის რეჟიმის დაცვა, ფიზკულტურითა და სპორტით სათანადოდ დატვირთვა. თავდაპირველად - კვების შესახებ. რაციონში უნდა შედიოდეს ასაკობრივი ნორმის შესაბამისი რაოდენობის ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები და ვიტამინები. ბავშვი და მოზარდი დღეში აუცილებლად 3-4-ჯერ უნდა იკვებებოდეს. საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს უმი ხილითა და ბოსტნეულით. სიმაღლეში ზრდისათვის ამ უკანასკნელის ოდენობა დღეში დაახლოებით 1,5 კგ-ს უნდა შეადგენდეს. ზრდის კარგი სტიმულატორია მარცვლეული. სასარგებლოა რუხი და ქატოს პური, ფაფები, კერძოდ - შვრიისა, ბრინჯისა, ხორბლისა (და არა მანანის). მოზარდი ორგანიზმისთვის აუცილებელია კალციუმი. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კალციუმი ძვლებში ე. წ. ცილოვან მატრიცაზე ლაგდება. იმისთვის, რომ ეს უკანასკნელი სრულფასოვანი იყოს, ბავშვისა და მოზარდის ორგანიზმმა რეგულარულად უნდა მიიღოს ხორცი, თევზი, ხიზილალა.
ბავშვებისა და მოზარდების კვების რაციონში ყოველდღიურად უნდა შედიოდეს
კალციუმით მდიდარი საკვები - ხაჭო, ყველი, რძე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხილსა და ბოსტნეულში შემავალი ვიტამინები ძალიან მნიშვნელოვანია სიმაღლეში ზრდისათვის. ბევრი ცილა და ზრდის ვიტამინი A მოიპოვება ყვითელი და წითელი ფერის ხილსა და ბოსტნეულში - სტაფილოში, გოგრაში, პომიდორში, ბულგარულ წიწაკაში, მაყვალში, მოცვსა და მოცხარში.
რაც შეეხება ცხიმის უხვად შემცველ და ტკბილ საკვებს, მისი ჭარბი მიღება აფერხებს სომატოტროპინის (ზრდის ჰორმონის) გამომუშავებას და სიმაღლეში ზრდას. რაციონალური კვებით შესაძლებელია, სიმაღლის 10%-ით მატებას რეალურად და საკმაოდ სწრაფად მივაღწიოთ.
- არსებობს თუ არა ზრდის ვიტამინები?
პერიოდულად რეკომენდებულია ვიტამინებისა და მინერალების ამა თუ იმ კომპლექსის მიღებაც. ზრდისა და მეტაბოლური პროცესების გააქტიურებას ყველა პოლივიტამინი უწყობს ხელს. თუმცა, "ზრდის ვიტამინები" უფრო სარეკლამო განაცხადია. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როდის მივცეთ ვიტამინები, რომ სასურველი ეფექტი მივიღოთ. თუ მოზარდს ზრდა არ დაუსრულებია, პოლივიტამინი ეფექტური იქნება, თუ ზრდა დასრულებულია, ვიტამინების კომპლექსმა შესაძლოა წონის მატება გამოიწვიოს, ამიტომ პარალელურად საჭიროა დატვირთვა სპორტის ისეთი სახეობით, რომელიც ხელს უწყობს ზრდას: კალათბურთით, ფრენბურთით, ცურვით. იხილეთ აგრეთვე "სიმაღლეში გასაზრდელი ხალხური რეცეპტი"