ჩემი მეგობარი მარტოხელა დედები მარტოები ცხოვრობენ თავიანთ მარტოხელა შვილებთან ერთად.
ისინი ათბობენ თავიანთ სახლებს თბილი სანათებით, ჭრელი ფარდებით, კედლებზე ნახატებით ან ფოტოებით, მაგრამ მაინც გრილა მათ სახლებში, მათთვის გრილა, რაღაცნაირად სულ მოყინული აქვთ ფეხის თითები.
ჩემი მეგობარი მარტოხელა დედები ყველაზე დამფრთხალი დედები არიან დედამიწის ზურგზე, როცა მათი შვილები ავად ხდებიან და ვერავის სთხოვენ, რომ ღამით ან გამთენიისას სიცხის დამწევი წამალი ამოუტანონ აფთიაქიდან.
გაღეღილი ქურთუკებით გაიფრიალებენ სახლის კარს და გარბიან წამალზე...
როცა საღამოთი, ისე, შემთხვევით, შოკოლადი მოუნდებათ და აღმოაჩენენ, რომ შოკოლადი არ აქვთ, ვერავის სთხოვენ, ვერავის გაუმხელენ, რომ მათ შოკოლადი ახლა ოქროს მთებს თუ საბადოებს ურჩევნიათ და ისევ ისე, გაღეღილი ქურთუკებით ჩარბიან საკონდიტროში, თან სახლის ფანჯარას არ აცილებენ თვალს ან სულაც თვალებს ტოვებენ სახლში, რომ მათი პატარები ღამემ არ შეაშინოს, კედელზე მეზობლის კაკუნმა არ დააფრთხოს, ჭერზე მეზობლის ფლატუნმა...
ჩემი მეგობარი მარტოხელა დედები ყველაზე მარტოხელა დედები არიან დედამიწის ზურგზე:
რადგან მათ ქვაბში თუხთუხებს სადილი ორისთვის.
რადგან მათი ტაფები თუკი შემთხვევით კვერცხს მიიწვავს, ეს კვერცხი მხოლოდ მათი მიმწვარი საუზმე იქნება.
რადგან თოკებზე შრება მხოლოდ ორი კაბა - ერთი დიდი, მეორე პატარა.
და დილაობით, როცა ჩემი მარტოხელა დედები სახლის კარს გასაღებით კეტავენ, იციან, რომ საღამოთი კარი ისევ მათ უნდა გააღონ ჩანთაში საგულდაგულოდ ჩამალული გასაღებით, გასაღებით, რომელიც ჯიბრზე ყოველთვის ჩანთის ყველაზე მიუვალ ადგილას იმალება და მით უმეტეს მაშინ, როცა საღამოთი სახლში მობრუნებულს, ერთ ხელში უჭირავთ პური, მწვანილი, ბოსტნეული, წიგნი, კომპიუტერი და მეორე ხელში უჭირავთ ხელი, პატარა ხელი... პატარა ხელი, რომელიც დედამიწას ამოაბრუნებინებს ჩემს მეგობარ მარტოხელა დედებს!
Комментариев нет:
Отправить комментарий