среда, 19 октября 2016 г.

უცნაური ქცევა + -


უცნაური ქცევა
დედა ამჩნევს, რომ მისი პატარა სხვა ბავშვებივით არ იქცევა - თანატოლებთან თამაშს თავისთვის, მარტო გართობას ამჯობინებს, არ აინტერესებს სათამაშოები, ძუნწად გამოხატავს ემოციებს: სიხარულს, აღტაცებას, სიყვარულს... საშიშია თუ არა ეს? გვესაუბრება პედიატრი ნინო მეზვრიშვილი.
- ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ეს ურთიერთობისადმი მათ მიდრეკილებასაც ეხება. როდის არის მდგომარეობა საგანგაშო და როდის - არა?
- ყველა პატარა მართლაც არ არის ერთნაირად კომუნიკაბელური: ზოგი სიხარულით იწევს ყველასკენ, ვინც გაუღიმებს, ზოგი - მხოლოდ მისკენ, ვინც მოსწონს, ზოგი კი უცნობებს საერთოდ არ ეკარება. არსებობს კი ურთიერთობის ნორმა? სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვის რეაქცია უფრო ფიზიოლოგიურია, ვიდრე ემოციური. იგი ტირილით რეაგირებს შიმშილზე, ტკივილზე, დაღლაზე და ა.შ. თანდათანობით ის იწყებს ადაპტაციას. 2-3 თვის ასაკში ჩვილების უმრავლესობა ცნობს იმ ადამიანებს, ვინც მასზე ზრუნავს, უღიმის, მშვიდდება, როცა ხელში აიყვანენ. თითქმის ყველა ჩვილს სიამოვნებს ფიზიკური კონტაქტი - ხელის მოფერება, გადასმა, კოცნა. თანდათან სიამოვნებას იღებს ემოციური კონტაქტითაც - უხარია ნაცნობი ადამიანების დანახვა, მათი ხმის გაგონება, ახალი სათამაშოები. სამი თვის ბავშვი უკვე გამოხატავს სიხარულს ღიმილით, ბგერებით, ღუღუნით. პატარები სხვადასხვანაირად რეაგირებენ უცხო ადამიანებზე. ზოგი ყველასთან სიხარულით მიდის, ყველას უღიმის, ზოგი მხოლოდ იმ ადამიანებს აღიარებს, რომლებსაც ყოველდღიურად ხედავს, ხოლო უცხოების დანახვაზე ტირის. ზოგის განწყობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული - ბუნებრივია, როცა პატარას კოლიკა აწუხებს და მუცელი სტკივა, დედასთან ჩახუტება უფრო სიამოვნებს, ვიდრე უცხო ადამიანთან ან ოჯახის სხვა წევრთან.
- რას ურჩევთ დედას, რას უნდა მიაქციოს ყურადღება ამ ასაკში, როდის მიმართოს პედიატრს?
- თუ ჩვილი სამ თვემდე სტაბილურად:
არ უყურებს დედას სახეში;
არ გამოხატავს ხმოვან და მიმიკურ რეაქციას - არ იღიმება, არ გამოსცემს მარტივ ბგერებს;
არ უყურებს თქვენ მიერ ნაჩვენებ ნივთებს;
ხელში აყვანის შემდეგაც არ წყვეტს ტირილს (თუ საუბარია არა კოლიკაზე, არამედ შიმშილზე ან სხვა დისკომფორტზე);
ყოველგვარ შეხებაზე ნეგატიურად რეაგირებს (ჩვეულებრივ, პატარებს არ მოსწონთ ჩაცმა-გახდა, ჰიგიენური პროცედურები, მაგრამ სიამოვნებთ ხელის გადასმა, მოფერება), - ეს ყოველთვის იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, მაგრამ პედიატრს აუცილებლად უნდა აცნობოთ ამის შესახებ, რათა ის დააკვირდეს ბავშვის განვითარების დინამიკას.
- 3-დან 6 თვემდე ბავშვების უმრავლესობა აქტიურად რეაგირებს გარე სამყაროზე და შედის კონტაქტში. რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ ასაკში?
- 3-დან 6 თვემდე ასაკში პატარა მართლაც სიხარულით შედის კონტაქტში და ხალისიანი ბგერებით გამოხატავს ამას. იგი ცნობს არა მხოლოდ დედას და მამას, არამედ მათაც, ვინც უფრო იშვიათად ეკონტაქტება - ბებიას, პაპას... ის რეაგირებს უფროსების მიმიკასა და ინტონაციაზე. მაგალითად, თუ დედამ უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო, ბავშვი ტირის. მოსწონს სარკეში საკუთარი ანარეკლის ყურება, რეაგირებს თავის სახელზე. უმრავლესობა ამ ასაკში სიხარულს სიცილით გამოხატავს. ეცადეთ, შეძლებისდაგვარად გაზარდოთ ბავშვთან კონტაქტში მყოფი ადამიანების რაოდენობა, შეაგუეთ თქვენთან ერთად ბებიასთან ან ძიძასთან ყოფნას.

Комментариев нет:

Отправить комментарий