რაც უფრო კარგად იქნება შერჩეული ბავშვის პირველი ფეხსაცმელი, მით უფრო მოსახერხებელი იქნება ბავშვისთვის და მით უფრო სწორი ტანადობა ექნება მომავალში. ამ სტატიაში ერთადაა თავმოყრილი ყველა ის ინფორმაცია, რაც ბავშვის პირველი ფეხსაცმელის შერჩევისას უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ.
როდის უნდა ვუყიდოთ პირველი ნამდვილი ფეხსაცმელი?
ფეხსაცმელი უნდა ვუყიდოთ მაშინ, როცა ხელის მოკიდების გარეშე, მარტო დაიწყებს სიარულს. მანამ, სანამ სიარულს ცდილობს და სწავლობს, უმჯობესია თუ სახლში, ფეხშიშველი, ფაჩუჩებით ან წინდებით აიდგამს ფეხს. ასე პატარა უკეთ ახერხებს ბალანსირებას და ნაბიჯების კოორდინირებას, რადგან უკეთ შეიგრძნობს იატაკს. ფეხშიშველი სიარული ეხმარება ტერფების ბუნებრივ განვითარებასაც. თუ ფეხსაცმელს იმაზე ადრე ჩავავმევთ, ვიდრე ეს საჭიროა, ბავშვის ტერფის რბილი ძვლები შეიძლება არასწორად განვითარდეს. მეორე მხრივ, თუ კარგად ფეხადგმულ პატარას დიდხანს ატარებთ რბილძირიან ფეხსაცმელებში, მას ძალიან გაუჭირდება მყარძირიან ფეხსაცმელზე გადასვლა.
შენიშვნა: ამ ასაკში ბავშვის ტერფები ჯერ კიდევ ვითარდება, ამიტომ ისინი ვიზუალურად არ გავს ზრდასრული ადამიანის ტერფებს. ბავშვი შეიძლება ფეხს შიგნით ადგამდეს, ან ბრტყელტერფიანობის ეჭვი გაგიჩნდეთ. ამ შემთხვევაში გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია და დარწმუნდით, რომ საშიში არაფერია.
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ფეხსაცმლის არჩევისას?
ფეხსაცმლის ფორმა
ბავშვისთვის მისაღებია მხოლოდ ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც კოჭ-წვივის სახსარს კარგად აფიქსირებს. ასეთ ფეხსაცმელში ბავშვს ფეხი არ გადაუბრუნდება. ფეხსაცმელი უნდა იკვრებოდეს თასმებით ან ფხრიწებით და იმეორებდეს ბავშვის ტერფის ფორმას, ამიტომ შეარჩიეთ ოვალური ან ოთხკუთხედი ფორმის ფეხსაცმელი.
ნატურალური ქსოვილი
ფეხსაცმელი უნდა იყოს დამზადებული ნატურალური მასალისგან, რომელიც ჰაერს ატარებს. საუკეთესოა ნაზი ტყავის ან ტილოს/ქსოვილის ფეხსაცმელი. სინთეზური მასალებით დამზადებული და უხეში ფეხსაცმელი აფერხებს ბავშვის ნაზი ტერფის განვითარებას.
ფეხსაცმლის ლანჩა
ის უნდა იყოს მყარი, ამავდროულად დრეკადი, ნაჭდევებიანი და არ სრიალებდეს სწორ ზედაპირთან შეხებისას. ლანჩა არ უნდა იყოს ძალიან რბილი ან უხეში. დაიდეთ ფეხსაცმელი ხელისგულზე და მოხარეთ: ლანჩა ძალდაუტანებლად უნდა იხრებოდეს.
შეარჩიეთ სწორი ზომა ბავშის თანდასწრებით
ჩააცვით ბავშვს ფეხსაცმელი და დააყენეთ ფეხზე. ბავშვის ქუსლს და ფეხსაცმელს შორის თქვენი ნეკი უნდა ეტეოდეს, ხოლო ფეხსაცმელის წვერს და ბავშვის ცერა თითს შორის თქვენი ცერა თითი. გაატარეთ პატარა და დარწმუნდით, რომ ფეხსაცმელი არ სძვრება, ან ძალიან არ უჭერს. დამატებით, შეგიძლიათ ამოიღოთ ფეხსაცმლიდან ტერფსაფენი, დააყენოთ ზედ ბავშვი და დარწმუნდეთ, რომ ბავშვის ფეხზე 1-1.5 სანტიმეტრით გრძელია.
ეს მნიშვნელოვანია: ზომის შერჩევისას ბავშვი აუცილებლად უნდა იდგეს ფეხზე. ფეხსაცმლის მოზომება უმჯობესია დღის მეორე ნახევარში, რადგან როგორც დიდის, ასევე ბავშვის ტერფი შუადღის შემდეგ ზომაში ოდნავ იზრდება და დილით მოზომებულმა ფეხსაცმელმა მთელი დღის აქტივობის შემდეგ შეიძლება მოუჭიროს. აუცილებლად შეამოწმეთ ორივე ფეხის ზომა, რადგან ბავშვებს ზოგჯერ ერთი ფეხი დიდი აქვთ და ის ზომა იყიდეთ, რომელიც უფრო დიდს მოერგება. შეიძინეთ მაქსიმუმ ერთი ზომით დიდი ფეხსაცმელი.
დააკვირდით პრობლემურ ადგილებს
სწორად მორგებული ფეხსაცმელი ფეხს არ ტკენს. ჩააცვით ფეხსაცმელი, გაატარ-გამოატარეთ სახლში, შემდეგ გახადეთ და დააკვირდით, ხომ არ აქვს ტერფზე სადმე გაწითლებული ან/და გაღიზიანებული კანი.
თასმები თუ ფხრიწები?
ფხრიწებიანი შესაკრავი ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ ბავშვმა შეიძლება იოლად ისწავლოს, როგორ გაიხადოს ფეხსაცმელი. თასმებს კი ბევრად უფრო მეტი ყურადღება ჭირდება, ან არ გაიხსნას, ან შემთხვევით გახსნილს ფეხი არ დაადგას… თასმების არჩევის შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ, რომ საკმარისი სიგრძე ქონდეს ორმაგი ნასკვის გასაკეთებლად, რომელსაც ბავშვი ვერ გახსნის.
სუპინატორით თუ მის გარეშე?
ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, ბავშვის ფეხსაცმელს აუცილებლად უნდა ქონდეს სუპინატორი. ეს მცდარი აზრია. სუპინატორიან ფეხსაცმელს მხოლოდ ორთოპედი ნიშნავს მაშინ, როცა პრობლემას ხედავს და თანაც ასეთი ფეხსაცმელი ინდივიდუალურად იკერება. არ შეცდეთ და არ იყიდოთ “სუპინატორიანი” ფეხსაცმელი, რომელსაც მრავლად წვაწყდებით სხვადასხვა მაღაზიებში თუ ბაზრობებზე. ბავშვის ტერფი განვითარების პროცესშია, ტერფის თაღიც ინდივიდუალურად ვითარდება და შეუძლებელია ერთი და იგივე ფორმის სუპინატორიანი ფეხსაცმელი ყველა პატარას ერთნაირად მოერგოს.
რამდენად ხშირად უნდა ვიყიდოთ ახალი ფეხსაცმელი?
ბავშვის ტერფი მალე იზრდება, ამიტომ სვარაუდოდ ყოველ 6-8 კვირაში ერთხელ მოგიწევთ შემოწმება, ხომ არ საჭიროებს პატარა ახალ ფეხსაცმელს. შემოწმების ეს ტემპი შეინარჩუნეთ ოთხ წლამდე, შემდეგ კი ყოველ სამ თვეში ერთხელ ამოწმეთ.
შეიძლება თუ არა ნახმარი ფეხსაცმელის გამოყენება?
ბავშვები ისე სწრაფად იზრდებიან, რომ ფეხსაცმელი გაცვეთას ვერ ასწრებს და ერთი შეხედვით ახალსაც გავს. მიუხედავად ამისა, როცა ბავშვი დადის, ფეხსაცმლის ლანჩი და მთლიანად ფეხსაცმელი ოდნავ იცვლის ფორმას – ბავშვის ტერფს ერგება. ყველა ტერფი ინდივიდუალურია და ამიტომ სხვა ბავშვის ნახმარი ფეხსაცმელის ხმარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
უნდა გადავიხადოთ თუ არა დიდი თანხა ბავშვის ფეხსაცმელში?
უმჯობესია ბავშვის ფეხსაცმელზე არ დაგოზოთ. კარგი ხარისხის, ნატურალური ტყავი და სხვა მასალები იაფი არ ღირს.
Комментариев нет:
Отправить комментарий